ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორია ნაღმმტყორცნებით დაიბომბა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის მიმართულებით 20-ზე მეტი ჭურვი ისროლეს.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, იერიში ქვეყნის სამხრეთ ნაწილის მიმართულებით განხორციელდა. დაშავებულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ისრაელის მედია თავდასხმას 2014 წლის ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ინციდენტად აფასებს.
ისრაელის თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ რაკეტების უმრავლესობის განეიტრალება შეძლო. ერთ-ერთი ჭურვი ეშკოლის რეგიონში, საბავშვო ბაღის ეზოში ჩავარდა. დაბომბვის დროს ბაღის ტერიტორია ცარიელი იყო.
პალესტინური მედია წერს, რომ ჰამასი და სხვა ჯგუფები ისრაელის მოსალოდნელი აგრესიული პასუხის გამო, პოზიციებს იცვლიან.