გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელ ღუმელს დიდი დიღმიდან ქალაქგარეთ გადაიტანენ
დიდ დიღომში, სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მიმდებარედ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. თუმცა, კომპანია „ეკო ჯგუფის“ ღუმელი რამდენიმე კვირაში აღნიშნულ ტერიტორიას დატოვებს და ქალაქგარეთ გადავა,- ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნულ სააგენტოში, დიდი დიღმის მოსახლეობის საპროტესტო განცხადების პასუხად განუცხადეს.
განცხადება სოციალურ ქსელში დღეს გამოჩნდა. მისი ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული ღუმელი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია.
„არ ვიცით, რამდენად სწორად ხდება ღუმელის ექსპლუატაცია, მით უმეტეს, სწრაფი განაშენიანების პირობებში დასახლება სულ უფრო მჭიდრო ხდება და ღუმელიც არც ისე შორსაა დასახლებული პუნქტისგან. ვფიქრობთ, მაშინ, როცა გაზრდილია სიმსივნური დაავადებები მოსახლეობაში, როცა სიმსივნურ დაავადებებს ყველაზე ხშირად ბავშვები ებრძვიან, დამატებითი საფრთხის შემცველი ღუმელი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათი სპეციალისტები განცხადების გავრცელების შემდეგ ადგილზე მივიდნენ და როგორც ღუმელთან ახლოს, ისე შედარებით მოშორებით არსებულ ტერიტორიაზე ექსპრესტესტები ჩაატარეს. ტესტებმა ჰაერში დაბინძურების მაჩვენებლების გადაჭარბება არ დააფიქსირა. თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, დეკემბრის ბოლოს კომპანია ღუმელს ქალაქგარეთ, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადაიტანს.