გეზ-თან შეკრებილი აქციის მონაწილეები ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის 2020 წლამდე დაშვებას ითხოვენ
ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შეკრებილი ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავი მეწარმეები და მძღოლები თათბირის შემდეგ შეჯერდნენ პოზიციაზე, რომ 2020 წლამდე გადავადდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედების ვადა, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა იზღუდება.
აქციის მონაწილეების თქმით, ამ პერიოდში მათ გარანტირებულად ეცოდინებათ, რომ აქვთ სამუშაო და შეძლებენ საბანკო კრედიტების გასტუმრებას. მათი განცხადებით, ამ პერიოდში ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებენ ფინანსთა სამინისტროსთან, რათა მოიძებნოს ოპტიმალური გამოსავალი ორივე მხარისთვის.
მძღოლები ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს ერთსაათიან ვადას აძლევენ, რათა მათ შეთავაზებაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან გეზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და პასუხის მიღებამდე დაშლას არ აპირებენ. მათი თქმით, თუ ფინანსთა მინისტრი მათ შეთავაზებას არ დათანხმდება, ისინი ხვალიდან მასშტაბურ აქციებს გამართავენ.
დღეს აქციის მონაწილეთა ჯგუფისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა შედგა, სადაც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.