გერმანიაში კრიმინალურ საქმიანობაში ბრალდებული ორი ქართველი ტურისტი დააკავეს, – წერს გერმანული გამოცემა Badenertagbplatt-ი.
გამოცემა იტყობინება, რომ პოლიციამ ბადენის რაიონში ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი გააჩერა. სამართალდამცველების თქმით, მანქანაში 38 და 41 წლის მამაკაცები ისხდნენ. ავტომობილს საფრანგეთის სანომრე ნიშნები ჰქონდა. მამაკაცების ვინაობის დადგენის შემდეგ გაირკვა, რომ ერთ-ერთზე ძარცვის ბრალდებით ძებნა იყო გამოცხადებული.
პოლიციაში ამბობენ, რომ ორივე დაკავებული საზღვარგარეთ ჩადენილ ქურდობაშია მხილებული. მანქანაში აღმოაჩინეს ნაძარცვი ნივთები და სხვადასხვა ხელსაწყო. ასევე, ამოღებულია მცირე ოდენობით ნარკოტიკი. ერთ-ერთი დაკავებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ორივე დაკავებული იზოლატორშია გადაყვანილი.