გერმანიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, გერმანია 2025 წლიდან ლიეტუვაში სამხედრო დანაყოფებს მუდმივად განათავსებს
გერმანიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა ლიეტუვაში გერმანიის ბრიგადის მუდმივი განთავსების საგზაო რუკას მოაწერეს ხელი.
მედიის ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანია თავის სამხედრო დანაყოფებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუდმივად განათავსებს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერას ისტორიული მომენტი უწოდა.
„ჩვენ მზად ვართ და ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა ლიეტუველ კოლეგასთან, არვიდას ანუსაუსკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მინისტრებმა დაადასტურეს თავიანთი ქვეყნების მზადყოფნა, დაიცვან ერთმანეთი და ალიანსის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის შესაბამისად.
ბუნდესვერის ბრიგადის განთავსება ლიეტუვაში 2025 წელს დაიწყება და სრულ საბრძოლო მზადყოფნას 2027 წელს მიაღწევს. დაგეგმილია 4 800 სამხედროს და დაახლოებით 200 სამოქალაქო პირის განთავსება. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ბუნდესვერის ბრიგადის განთავსების მიზანია რუსეთის შეკავება. როგორც პრესკონფერენციაზე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.