გერმანიის ვიცე-კანცლერი - ვიცი, რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა, საქართველოს ელოდება ევროპა
ვიცი, რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელოდება ევროპა, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ITB Berlin-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომლის ოფიციალური მასპინძელიც საქართველოა.
თავის გამოსვლაში გერმანიის ვიცე-კანცლერმა 2008 წლის მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველომაც განიცადა რუსეთის მხრიდან ის, რაც ახლა უკრაინის წინაშე დგას.
„მახსოვს, საქართველოში რომ ვიმოგზაურე, ამაზე მოგვიანებით კიდევ ვიტყვი, მაგრამ, იცით, რა მახსოვს, მგონი, „კოვიდის“ პერიოდი იყო, საქართველოში ვიყავი, 2008 წლის მოვლენები გავიხსენე. მე ვიცი, რომ საქართველომაც განიცადა ის, რაც რუსეთისგან ახლა უკრაინას უდგას წინ. თქვენს ქვეყანაში ოთხი წლის წინ ვიმყოფებოდი. ძალიან შორეული წარსული მეგონა, არადა, იგივე აგრესია დაბრუნდა მსოფლიოში. უნდა გავიაზროთ ეს მოვლენები. როდესაც ვიაზრებთ ყველაფერს, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში 2008 წელს, ალბათ იყო ის ნიშანი, რომელმაც აჩვენა, რომ რუსეთის ლიდერი პუტინი იქცა ტირანად და ყველანი ვხედავთ, რომ დღევანდელი პრობლემები, რაც უკრაინაში ხდება, დაიწყო საქართველოში რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა რობერტ ჰაბეკმა.
გერმანიის ვიცე-კანცლერმა გამოსვლის ბოლოს კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოზე.
„მინდა, დავუბრუნდე საქართველოს საკითხს, ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს წლევანდელ ღონისძიებაზე. უკვე ვახსენე, რომ ნამყოფი ვარ საქართველოში, თქვენს ლამაზ ქვეყანაში. როცა გავიგონე ქართული ფრაზები ჩემი კოლეგისგან, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილისგან, გამახსენდა ის ტკბილჟღერადობა. ძალიან ლამაზი დამწერლობაც გაქვთ. უცხოელისთვის შეუძლებელია მისი წაკითხვა, მაგრამ ძალიან ლამაზია. ჩემი ოჯახი როდესაც საქართველოში იმყოფებოდა, ჩვენ „გუგლ თრანსლეითს“ ვიყენებდით თარგმანისთვის და ბარიერი არ გვქონია ურთიერთობაში. ნამდვილად შეიძლება ელემენტარულ დონეზე ურთიერთობა კომპიუტერისა და ტელეფონის საშუალებით. მახსოვს მზის ჩასვლის მომენტი თბილისის თავზე. ვიყავი ძალიან ძველ მუზეუმში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველო ყოფილა ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ, რათა საქართველოსგან ესწავლათ, რა უნდა გაეკეთებინათ. მას შემდეგ მალევე მოხდა საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა კავშირის მიერ. 1918-1921 წლებზე მაქვს საუბარი. მაშინ იმყოფებოდნენ გერმანელი პროფესიონალები საქართველოში, დემოკრატია რომ ესწავლათ. თბილისში ვარ ნამყოფი, ვიცი, რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელოდება ევროპა“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.