გერმანიის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და 50 ჯავშანმანქანას გადასცემს
გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და 50 ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა გაავრცელა.
მისი თქმით, საუბარია MARS II-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ორ ერთეულზე და Dingo-ს ტიპის 50 ჯავშანმანქანაზე. ამას გარდა, ბერლინი უკრაინას გადასცემს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის საჭირო 200 რაკეტას.
ქრისტინ ლამბრეხტმა ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთთან უკვე მიღწეულია შეთანხმება ქვეითთა საბრძოლო მანქანების გაცვლის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერლინი უახლოეს ხანში გადასცემს ათენს MARDER-ის ტიპის 40 საბრძოლო მანქანას, სამაგიეროდ კი საბერძნეთი უკრაინას გადასცემს საბჭოთა მანქანებს.
ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრს არ უხსენებია ტანკები, რომელთა გადაცემასაც უკრაინა მოითხოვდა.