გერმანიის თავდაცვის მინისტრი - გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრის ჩანაწერებმა ცხადყო, რომ ფრთოსანი რაკეტების კიევში გაგზავნაზე არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრის ჩანაწერებმა ცხადყო, რომ Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების კიევში გაგზავნის შესახებ არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
„ისინი მთელი ამ სატელეფონო საუბრის დროს ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება – არც კანცლერი შოლცის და არც ჩემი მხრიდან ტაურუსის უკრაინაში განლაგების შესახებ. ეს იყო მხოლოდ თეორიული საუბარი სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო გენერლებს შორის. მათ ეს განიხილეს ყოველგვარი გადაწყვეტილებისა და კონკრეტული გეგმების გარეშე, ზუსტად ის, რაზეც ყველა მსჯელობდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გერმანიაში“, – აღნიშნა ბორის პისტორიუსმა შვედეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მან აცნობა პარტნიორებს ვაშინგტონსა და ლონდონში, რომ ეს იყო ინდივიდუალური შეცდომა.
„ისინი არ არიან გაბრაზებულნი და განაწყენებულნი გერმანიაზე, რადგან იციან, რომ ჩვენ გვაქვს წესები და რომ მსგავსი რამ შესაძლოა, მოხდეს“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
რუსულ მედიაში გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა, რომლებიც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა „ტაურუსის“ გადაცემაზე საუბრობდნენ, ხოლო ამ რაკეტების პოტენციურ სამიზნედ გერმანელი სამხედროები ყირიმის ხიდს ასახელებდნენ.