გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ახალ მთავრობაში საკუთარი მინისტრები დაასახელა
გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ახალ მთავრობაში საკუთარი მინისტრები დაასახელა. გერმანული მედიის ინფორმაციით, მერკელის მთავრობაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ექვსი მინისტრი ეყოლება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს მოქმედი იუსტიციის მინისტრი, ჰეიკო მაასი დაიკავებს. მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ზიგმარ გაბრიელი კი ახალ მთავრობაში წარმოდგენილი არ იქნება. გერმანული მედია მანამდე წერდა, რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატების საპარლამენტო ლიდერი, ტომას ოპერმანი ხდებოდა.
სოციალ-დემოკრატები ჩაიბარებენ ფინანსთა სამინისტროს პორტფელსაც. მინისტრი კი ქალაქ ჰამბურგის ყოფილი მერი, ოლაფ შოლცი იქნება.
სოციალ-დემოკრატებმა მიიღეს შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრის პოსტიც. აღნიშნულ სამინისტროს პარტიის გენერალური მდივანი, ჰუბერტუს ჰეილი უხელმძღვანელებს.
სოციალ-დემოკრატების წევრი კატარინა ბარლი დაიკავებს გერმანიის იუსტიციის მინისტრის პოსტს. ბარლი ამჟამად საოჯახო საქმეების მინისტრის თანამდებობას იკავებს.
კატარინა ბარლის საოჯახო საქმეების მინისტრის თანამდებობაზე ბერლინთან მდებარე ქალაქ ნოუკოლნის მერი, ფრანციკა გიფი ინიშნება.
გარემოს დაცვის მინისტრად სოციალ-დემოკრატებიდან სვენია შულცე დაინიშნება. შულცე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის ინოვაციის, მეცნიერებისა და კვლევის ყოფილი მინისტრია.