გერმანიის სამ აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურების გაფიცვა დაიწყო. გაფიცვა დიუსელდორფის, კიოლნისა და შტუტგარტის აეროპორტში 24 საათს გაგრძელდება.
უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი გაფიცვის გამო, გადაადგილების პრობლემა 110 ათასზე მეტ მგზავრს შეექმნება. მხოლოდ შტუტგარტის აეროპორტიდან დღის განმავლობაში 500 ფრენა გაუქმდება. მგზავრებს აფრთხილებენ, რეისების განრიგს აეროპორტში მისვლამდე გადახედონ.
შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში ხელფასის მომატების მოთხოვნით ბერლინის აეროპორტების თანამშრომლები გაიფიცნენ. თუმცა, მაშინ პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ გაფიცვას შედეგი არ მოჰყვა, რის გამოც ორგანიზატორებმა აქციების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.