გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ლიბიის საკითხზე მორიგი საერთაშორისო კონფერენცია მარტში გაიმართება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ლიბიის საკითხზე მორიგი საერთაშორისო კონფერენცია მარტში გაიმართება

ლიბიის საკითხზე მორიგი საერთაშორისო კონფერენცია მარტში გაიმართება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა. თავდაპირველად, ლიბიის კონფლიქტის დასარეგულირებლად კონფერენციის გამართვა თებერვლის დასაწყისში იგეგმებოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ლიბიის კონფლიქტის მონაწილე დაპირისპირებულმა მხარეებმა უახლოეს დღეებში მოლაპარაკებები გამართონ.

აღსანიშნავია, რომ გაერო-ს შუამავლობით მსგავსი მოლაპარაკებები 29 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

გარდა ამისა, ჰაიკო მაასმა ისაუბრა ლიბიაში ბოლო დროს განვითარებულ საბრძოლო მოქმედებებზე და აღნიშნა, რომ ბერლინში გამართული ლიბიის კონფერენციის მონაწილეები საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ, რაც კონფლიქტის მხარეებისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას გულისხმობს.

ჰაიკო მაასის თქმით, გერმანია მუშაობს გაერო-ს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ლიბიის კონფლიქტის რომელიღაც მხარისთვის იარაღის მიწოდების სანაცვლოდ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. გერმანელ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია ქვეყანა, რომელიც ემბარგოს არღვევს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებას ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

არსებული ინფორმაციით, თურქეთმა ლიბიაში გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები გაგზავნა.

ბერლინში ლიბიის კონფლიქტის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია 19 იანვარს გაიმართა, რომლის მონაწილეები ლიბიაში იარაღის მიწოდების აკრძალვაზე შეთანხმდნენ.

დატოვე კომენტარი