„სქაი ნიუსი“ – დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა სამხედრო ავიატექნიკის ღამით ანგრებში გადაყვანა დაიწყეს, რათა დრონების შესაძლო თავდასხმებისგან დაიცვან

21:27, 25.11.2026

დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა (RAF) ღამის საათებში სამხედრო ავიატექნიკის ანგრებში გადაყვანა დაიწყეს, რათა დრონების შესაძლო თავდასხმებისგან დაიცვან, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, ღია სივრცეებში, მათ შორის, ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებთან და ავიაბაზებზე განთავსებული საბრძოლო თვითმფრინავების გარშემო ანტიდრონული ბადეების დამონტაჟებაც იგეგმება.

„სქაი ნიუსის“ ცნობით, ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა, MI5-მა და თავდაცვის სამინისტრომ გააფრთხილეს ბრიტანული კომპანიები, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაში მონაწილეობენ, რომ რუსეთის მხრიდან დივერსიული თავდასხმების საფრთხე გაიზარდა.

ცნობისთვის, სექტემბერში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ავიაბაზა „ფეირფორდთან“ ხუთი ადამიანი დააკავა. ბაზაზე, მათ შორის, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებიც იყო განთავსებული. დაკავებულებს ტერორისტული აქტის მცდელობაში დასდეს ბრალი. ამის შემდეგ აშშ-მა ბაზიდან ყველა B-1-ის ტიპის ბომბდამშენი გაიყვანა. „ნიუ იორკ თაიმსი“ წერდა, რომ აშშ ირანული დრონების შესაძლო თავდასხმას უფრთხოდა.

მსგავსი