პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების ინიციატივას ნატო-ში მხარს არ უჭერენ და მოკავშირეებისგან მსგავსი მოქმედებებისთვის მზადყოფნა ან მტკიცე გადაწყვეტილება არ შეინიშნება
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოკავშირეებს შორის ამ საკითხზე დისკუსიები კვლავ მიმდინარეობს.
როგორც პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რადიოსადგურ RMF FM-თან საუბრისას განაცხადა, მას ამ დრომდე „მოკავშირეების მხრიდან მსგავსი მოქმედებებისთვის მზადყოფნა ან მტკიცე გადაწყვეტილება არ შეუნიშნავს“.
ამასთან, აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა განაცხადა, რომ ნატო ამ წინადადებას მხარს არ უჭერს.
„ნატო ამ ინიციატივას არანაირად არ უჭერს მხარს. ეს გადაწყვეტილება არაერთ სირთულეს ქმნის“, – აღნიშნა ტომჩიკმა.
მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამიზნეების წინააღმდეგ მოქმედების საკითხზე მოლაპარაკებები, უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. როგორც ტომჩიკმა აღნიშნა, წინა მოლაპარაკებები დასრულდა გადაწყვეტილებით, რომ მსგავსი პროცედურის ამოქმედება „გამორიცხული იყო“.
ცნობისთვის, გამოცემა „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთმა ნატო-ს მიმართა თხოვნით, განიხილოს უკრაინის ტერიტორიაზე იმ რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნებისკენ მიემართებიან. ვარშავამ აღნიშნული ინიციატივა მას შემდეგ წამოაყენა, რაც პოლონეთის საჰაერო სივრცე სამმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ დაარღვია.