მარკ რუტე – უკრაინის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებით პუტინს ვცდით, ტრამპიც შენჭენში შეხვედრისას პუტინის გამოცდას ცდილობდა, ამიტომ გავაგრძელოთ ზეწოლა, ვფიქრობ, ეს მუშაობს

23:32, 25.11.2026

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ამერიკულ ტელეარხთან, „ფოქს ნიუსთან“ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოცდას ცდილობს, მათ შორის, გასულ კვირას ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართული შეხვედრის დროსაც ცდილობდა.

მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად ნატო-მ, ერთობლივად უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, უკრაინის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება, რადგან ამით პუტინს ცდიან.

„მოდით, თვალი გავუსწოროთ რეალობას და ზუსტად შევხედოთ, რა ხდება. რუსეთს ნატო-ს არცერთი წევრი ქვეყნისთვის არასდროს შეუტევია. თუმცა წარსულში რუსეთი თავს დაესხა სხვა ქვეყნებს: 1979 წელს ავღანეთს, 2008 წელს საქართველოს, ხოლო 2014 წელს უკრაინას. ნატო უკიდურესად ძლიერია. ეს ზუსტად იმ პრინციპს გამოხატავს, რომელზეც პრეზიდენტი ყოველთვის საუბრობდა: მშვიდობა ძალის მეშვეობით და არა დათმობების გზით. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ც ძლიერი იყოს და უკრაინაც. ჩვენ, შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად ნატო-მ, ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა თავდაცვის ინდუსტრიისთვის აუცილებელი აღჭურვილობის მიწოდებით, რათა უკრაინამ ამ ომში ბრძოლა შეძლოს. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. უკრაინის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება სწორედ ის არის, რაც უნდა გავაკეთოთ, რადგან ამით პუტინს ვცდით. პრეზიდენტი ტრამპიც, მათ შორის, ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართული შეხვედრის დროს, პუტინის გამოცდას ცდილობს. რამდენად სერიოზულია ის? მზად არის თუ არა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად? ნამდვილად სურს თუ არა მოლაპარაკებებში ჩართვა? ამიტომ გავაგრძელოთ ზეწოლა. ვფიქრობ, ეს მუშაობს და ეს კურსი უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი