პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს – „ეს არის ბიუჯეტი, რომელიც პოლონეთისგან მაქსიმალური ფინანსური რესურსების ამოღებას ემსახურება“

19:48, 25.11.2026

პოლონელი ევროპარლამენტარი, პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ წევრი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის პროექტს პოლონეთის ინტერესებთან შეუსაბამოს უწოდებს.

როგორც ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს, ის უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფასა და ევროკავშირის ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდის მიზნით შეთავაზებულ ახალ ფინანსურ მექანიზმებს ეწინააღმდეგება, მათ შორის ემისიებით ვაჭრობის სისტემიდან მიღებული შემოსავლების 30 პროცენტის ევროკავშირის ბიუჯეტში მიმართვას.

„თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, გერმანია ასევე მოითხოვს სხვა ქვეყნების დაფინანსების საკითხზე ვეტოს უფლების გაუქმებას, რათა მომავალ წლებში ევროკავშირმა ყველა ჩვენგანის ხარჯზე უკრაინას იმდენი თანხა გამოუყოს, რამდენიც მოესურვება. ყველაფერი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტზე შეთანხმების ვადა მხოლოდ 2027 წლის ბოლოს იწურება, ევროპელ ბიუროკრატებს სურთ, ეს საფრანგეთსა და პოლონეთში მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებამდე მოასწრონ“, – წერს ევროპარლამენტარი.

ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკის შეფასებით, ახალი საბიუჯეტო პოლიტიკის შედეგად, ათობით მილიარდი ზლოტი, რომელიც პოლონეთის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შესულიყო, ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხება.

„ვერ წარმომიდგენია, რომ მთავრობა ასეთ უსამართლო პირობებს დათანხმდეს. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც პოლონეთისგან მაქსიმალური ფინანსური რესურსების ამოღებას ემსახურება. მისი მიღება დაუშვებელია, რადგან ის პოლონეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – წერს ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი.

ცნობისთვის, ევროკავშირის 2028-2034 წლების მრავალწლიანი ბიუჯეტის პროექტზე მოლაპარაკებები გრძელდება. ევროკომისიის წინადადება უკრაინისთვის 100 მილიარდ ევრომდე ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს დამტკიცებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.

 

მსგავსი