გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი- სირიის კონფლიქტის გადაწყვეტას რუსეთის გარეშე ვერ შევძლებთ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბაშარ ასადი სირიის კონფლიქტის დარეგულირების ნაწილი ვერ იქნება. ამის შესახებ ჰეიკო მაასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„ვერავინ წარმოიდგენს, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, დარეგულირების ნაწილი გახდება“, – განაცხადა ჰეიკო მაასმა.
ამავე დროს, გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სირიის კონფლიქტის დარეგულირება რუსეთის გარეშე შეუძლებელია.
„ვფიქრობ, ყველამ გააცნობიერა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და განვაახლოთ პოლიტიკური პროცესი. ეს ისაა, რაზეც ჩემს ფრანგ კოლეგას სრულად ვეთანხმები. ამ კონფლიქტის გადაწყვეტას რუსეთის გარეშე ვერ შევძლებთ. უნდა განვიხილოთ დარეგულირების გზა, უპირველეს ყოვლისა კი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ასევე სირიაში საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება და საბოლოოდ, არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
როგორც ჰეიკო მაასმა აღნიშნა, მოხარულია, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.