გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის შეთანხმების გარეშე გასვლის ალბათობა გაიზარდა
გერმანია მზადაა შეთანხმების გარეშე „ბრექსითვისთვის.“ ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ჰეიკო მაასის განმარტებით, მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ ლონდონსა და ბრიუსელს შორის მიღწეული შეთანხმება დაბლოკა, დიდი ბრიტანეთის ევროპული გაერთიანებიდან შეთანხმების გარეშე გასვლის ალბათობა კიდევ უფრო გაიზარდა.
დიპლომატის განმარტებით, გერმანია ასეთი ვერსიისთვის მომზადებულია, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო 17 დღის განმავლობაში მხარეები შეთანხმების მიღწევას მოახერხებენ.
თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა და ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები არიან. ევროსაბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერთიანების მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია, ახლა პრობლემის მოგვარების გზები ლონდონში უნდა მოძებნონ.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა „ბრექსითის“ შეთანხმება არ დაამტკიცა. ევროკავშირთან ტერეზა მეის მიერ შეთანხმებულ დოკუმენტს გაერთიანებული სამეფოს 391-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა. მის სასარგებლოდ ხმა თემთა პალატის 242 კანონმდებელმა მისცა.
პრემიერ-მინისტრი დღეს კენჭისყრაზე ახალ საკითხს დააყენებს. დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, დატოვებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე. თუ კანონმდებლები აღნიშნულ ინიციატივასაც მხარს არ დაუჭერენ, 14 მარტს მათ „ბრექსითის“ თარიღის შეცვლის საკითხზე მსჯელობა მოუწევთ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა „ბრექსითის“ თარიღის შეცვლაზე უკვე ბრიუსელშიც საუბრობენ.