გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვეღარასოდეს დავეყრდნობით პუტინის დაპირებებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვეღარასოდეს დავეყრდნობით პუტინის დაპირებებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მშვიდობასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ წამოყენებულმა პირობებმა შესაძლოა, ევროპაში ახალი ომი გამოიწვიოს.

აღნიშნულის შესახებ ანალენა ბერბოკმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის სამშვიდობო წესრიგი დაარღვია, ამიტომ ამ სასტიკი შეჭრის უკუსაგდებად აუცილებელია უკრაინის დახმარება და მომავალი თავდასხმებისგან თავდაცვა.

„ჩვენი მიზანია მშვიდობა ხალხისთვის უკრაინაში, ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. საუბარია არა მხოლოდ ომის არარსებობაზე, არამედ თავისუფალი ცხოვრების უსაფრთხოებაზეც. მაგრამ სამშვიდობო წესრიგი, რომელიც გვქონდა ევროპაში, პუტინის მიერ იქნა განადგურებუული. რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, 24 თებერვლამდე არსებულის დაბრუნება აღარ იქნება. ჩვენ ვეღარასოდეს დავეყრდნობით პუტინის დაპირებებს“, – განაცხადა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის პირობებთან დაკავშირებითაც.

„ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება, იყოს მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ჩვენთვის ნათელია, რომ სანქციები შეიძლება, მოიხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიყვანს საკუთარ ჯარებს. მშვიდობა რუსეთის მიერ ნაკარნახევი პირობებით არ მოუტანს უსაფრთხოებას არც უკრაინას და არც ჩვენ ევროპაში. უარეს შემთხვევაში, ეს იქნება მოწვევა მომავალი ომისთვის – კიდევ უფრო ახლოს ჩვენს საზღვრებთან“, – განაცხადა მინისტრმა.