გერმანიის პოლიციამ დააკავა ულტრამემარჯვენეები, რომლებიც პოლონეთის საზღვრისკენ მიემართებოდნენ
გერმანიის პოლიციამ დააკავა ულტრამემარჯვენეები, რომლებიც პოლონეთის საზღვრისკენ მიემართებოდნენ. საუბარია 50-კაციან ჯგუფზე, რომლებიც არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად მიდიოდნენ. მათ თან ჰქონდათ წიწაკის სპრეი, ხელკეტები და მაჩეტე.
როგორც დაკავებულები აცხადებენ, ისინი „მესამე გზის“ სახლით ცნობილი დაჯგუფების მოწოდებით მიემართებოდნენ სახელმწიფო საზღვრისკენ. სამართალდამცველების ცნობით, აღნიშნული დაჯგუფება დაკავშირებულია ნეონაცისტებთან.
პოლიციამ დაკავებულებს იარაღი ჩამოართვა და საზღვრისპირა ქალაქი გუბენი დაატოვებინა.
აღსანიშნავია, რომ 23 ოქტომბერს ქალაქ გუბენში გაიმართა აქცია, რომელის მონაწილეებმაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან საზღვარზე პატრულირების ჩატარების განზრახვა გააპროტესტეს.
გერმანიამ პოლონეთის საზღვარზე დამატებით 800 პოლიციელი განალაგა, რათა გააკონტროლოს მიგრანტები, რომლებიც ბელარუსიდან პოლონეთის გავლით გერმანიაში მოხვედრას ცდილობენ.
როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მისი უწყება მზადაა, საჭიროების შემთხვევაში საზღვარზე დამატებითი ძალები გააგზავნოს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ წელს პოლონეთიდან გერმანიის ტერიტორიაზე არალეგალურად შეღწევის 6 162 შემთხვევა დაფიქსირდა.