გერმანიის პარლამენტმა „გენდერული თვითგამორკვევის შესახებ“ კანონი დაამტკიცა
გერმანიის პარლამენტმა „გენდერული თვითგამორკვევის შესახებ“ კანონი დაამტკიცა

გერმანიის პარლამენტმა „გენდერული თვითგამორკვევის შესახებ“ კანონი დაამტკიცა.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, აღნიშნული კანონი გაამარტივებს გენდერული იდენტობისა და სახელის შეცვლის პროცედურებს.

ახალი კანონის მიხედვით, პირს, რომელსაც სქესის შეცვლა სურს, ფსიქიატრ-ექსპერტთა შეფასება და სასამართლოს გადაწყვეტილება აღარ დასჭირდება და ეს პროცესი გამარტივებული პროცედურით ჩატარდება.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ტრანსგენდერად განისაზღვრება პირი, რომელიც არ აიდენტიფიცირებს თავს დაბადებისას არსებულ სქესთან ან მხოლოდ ამ სქესთან. ახალი კანონი ასევე შესაძლებლობას მისცემს მათ, ვინც თავს მხოლოდ მამაკაც ან ქალად არ მიიჩნევს, განისაზღვრონ, როგორც არაბინარული ადამიანები. ახალი კანონი ცვლილების მსურველი პირებისგან განაცხადის დარეგისტრირებას სამი თვით ადრე მოითხოვს.

რაც შეეხება 14 წლამდე ასაკის პირებს, განაცხადის გაკეთება მათ ლეგალურ წარმომადგენელს შეეძლება. 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირების შემთხვევაში კი, ისინი ლეგალური წარმომადგენლის ნებართვით, დამოუკიდებლად შეძლებენ განაცხადის დაფიქსირებას. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვა არ გაიცემა, საოჯახო საქმეების სასამართლოს შეეძლება, გასცეს ცვლილების შესახებ ნებართვა, თუკი სქესისა და სახელის შეცვლა „არ ეწინააღმდეგება ბავშვის კეთილდღეობას“.

გერმანიის პარლამენტმა ასევე დაამტკიცა დაქორწინებული წყვილებისა და მათი შვილებისთვის გვარის თავისუფლად შერჩევის შესაძლებლობის შესახებ კანონი. ქორწინებაში მყოფ წყვილს შეეძლება ორივე პირის გვარის გაერთიანება და შვილისთვის ამ გაერთიანებული ორი გვარის მინიჭება. განქორწინების შემთხვევაში, ერთ-ერთი მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში, შვილიც უფლებამოსილი იქნება, შეიცვალოს გვარი.