გერმანიის ოპოზიცია მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ზემოქმედება მოახდინოს ოლაფ შოლცზე, რათა მან უკრაინას გადასცეს შორ მანძილზე მოქმედი „ტაურუსები“
გერმანიის ოპოზიცია მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს, ზემოქმედება მოახდინოს გერმანიის კანცლერზე, ოლაფ შოლცზე, რათა მან უკრაინას გადასცეს შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები „ტაურუსები“.
ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ფრაქციამ რიში სუნაკის გერმანიაში ვიზიტის წინ გაავრცელა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბერლინში დღეს ჩადის.
როგორც გერმანელი ოპოზიციონერები ამბობენ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტი, აუცილებელია ზეწოლა გერმანიის ხელისუფლებაზეც, რომ ის კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გადაცემას დათანხმდეს.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა მანამდე არაერთხელ თქვა, რომ არ აპირებს უკრაინას გადასცეს ფრთოსანი რაკეტები „ტაურუსები“, რადგანაც, შოლცის თქმით, მათ სამართავად გერმანელი სამხედროების ჩართულობა იქნება საჭირო, რაც ბერლინის უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაბმის საფრთხეს აჩენს.