გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალაში შევიდა საქართველოდან გერმანიაში შესვლასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ოქტომბრის 00:00 საათიდან ძალაში შევიდა საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები.
გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შემდეგი პირებისთვის:
ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი;
გერმანიაში დასაქმებული პირები და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა დასაქმება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია;
მეზღვაურები გემზე ასასვლელად დანიშნულების ნავსადგურამდე ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში;
სასაქონლო გადაზიდვების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი;
სასოფლო სამეურნეო სფეროში სეზონურად დასაქმებული პირები;
სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი. (სასწავლო მიზნით შემოსვლა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი სრულება გარკვეული წინაპირობები);
ოჯახის გაერთიანების მიზნით მიმავალი უცხოელი ოჯახის წევრები, აგრეთვე ოჯახური სტუმრობა გამოწვეული მნიშვნელოვანი გარემოებით;
პირები, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ან ჰუმანიტარული მფარველობით;
პირები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მუშაკები, სამხედრო პერსონალი, აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები;
რეპატრიანტები;
ტრანზიტული მგზავრები.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფუძვლები შესაძლოა სახეზე იყოს, როდესაც მკურნალობა მხოლოდ გერმანიაშია შესაძლებელი ან პაციენტის მკურნალობა სამშობლოში შეუძლებელია განხორციელდეს, ან მკურნალობა უკვე დაწყებულია, ან თუკი მკურნალობის გარეშე რეალურია საფრთხე პაციენტის ჯანმრთელობისთვის. ეს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით უნდა დამტკიცდეს. შემოსვლისას პაციენტს შეიძლება თან ახლდეს ორ საჭირო თანმხლებ პირამდე.
ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია ასევე გარკვეულ შემთხვევებში.
ქვეყანაში შესვლის უფლების მიცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სასაზღვრო საკონტროლო პუნქტებზე მომუშავე, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეების დისკრეციის სფეროს.
ტურისტული მიზნით მგზავრობა ნებადართული არ არის.
ამასთან, ვინაიდან გერმანული მხარის მიერ 2020 წლის 7 ოქტომბრიდან საქართველო შეყვანილ იქნა ე.წ. რისკის ქვეყნების ჯგუფში, საქართველოდან გერმანიაში მიმავალმა პირებმა საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხი.
ტესტის არქონის შემთხვევაში გათვალისწინებულია 14-დღიანი თვითიზოლაციის/კარანტინი სახლის პირობებში ვალდებულება. ვინაიდან გერმანიის ფედერალურ მიწებზე კარანტინის საკითხები განსხვავებულად რეგულირდება, მგზავრებმა ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ, მათი საბოლოო დანიშნულების ადგილის მიხედვით, შესაბამისი ფედერალური მიწის პასუხისმგებელ უწყებებს.
გერმანიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ რეგულაციები და დაწესებული შეზღუდვები იცვლება ყოველდღიურად.
საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება, ასევე ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტაინის, შვეიცარიის, ნორვეგიის და ისლანდიის მოქალაქეთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი).