გერმანიის მთავრობამ შრომითი მიგრაციის ლეგალიზაციის კანონს მხარი დაუჭირა
გერმანიის მთავრობამ შრომითი მიგრაციის ლეგალიზაციის კანონს მხარი დაუჭირა. ანგელა მერკელის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა პროექტი, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების საშუალებას მისცემს.
ახალი კანონი, რომელიც სავარაუდოდ 2020 წლიდან ამოქმედდება, გერმანიაში დასაქმების მსურველ უცხოელს საშუალებას მისცემს ქვეყანაში ლეგალურად ჩავიდეს და ექვსი თვის განმავლობაში ეძებოს სამსახური, თუმცა ამ ხნის განმავლობაში, გერმანიაში ცხოვრებისთვის აუცილებელი ხარჯები თავად დასაქმების მსურველმა უნდა დაფაროს. ამასთან, სამუშაო ვიზის მისაღებად აუცილებელი იქნება კვალიფიკაციის დადასტურება და გერმანული ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა.
როგორც „დოიჩე ველე” წერს, შრომითი მიგრაციის ლეგალიზაციის შესახებ დავა გერმანიაში 30 წელია გრძელდება. კომპანიები აცხადებენ, რომ გერმანიის შრომით ბაზარზე სპეციალისტების დეფიციტია, რაც ნაწილობრივ შობადობის შემცირებით, ნაწილობრივ კი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით არის გამოწვეული, რის გამოც ევროპელებს სამშობლოდან გერმანიაში სამუშაოდ გამგზავრება არ სურთ.
„დოიჩე ველეს” ცნობით, სპეციალისტების დეფიციტი შეიმჩნევა IT სფეროში, ასევე სამშენებლო კომპანიებსა და მოხუცთა თავშესაფრებში. მაგალითისთვის, 2018 წელს IT სექტორში ვაკანსიების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაორმაგდა და 82 000 მიაღწია.
ახალი კანონი გერმანიაში მყოფ იმ მოქალაქეებს, რომელთაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ, თუმცა მათი დეპორტაცია არ მოხდა, საშუალებას მისცემს, 30-თვიანი სამუშაო ვიზა მიიღონ. ამასთან, თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ისინი კვლავ დასაქმებულები იქნებიან და გერმანული ენის ცოდნის დონე გაუმჯობესდება, მაშინ საშუალება ექნებათ, გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღონ.
ახალი კანონის ამოქმედებისთვის პარლამენტის თანხმობაა საჭირო.