გერმანიის მთავრობამ საქართველოს 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო
გერმანიის მთავრობამ საქართველოს 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო

საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, 30 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ. საელჩოს ცნობით, თანხა მოხმარდება კოვიდპანდემიისაგან დაზარალებული ოჯახების სოციალურ დაცვას. ეს გრანტი დაემატება გერმანიის მიერ გასულ წელს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შედგებოდა 5,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისა და 15 მილიონი ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი კრედიტისაგან.

საელჩოში აღნიშნავენ, რომ ამ დახმარების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში იმ ოჯახებისთვის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება, რომლებმაც კოვიდპანდემიის გამო დაკარგეს შემოსავალი.

გაზრდილი თანხით დაფინანსდება 135 ათასზე მეტი გადახდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ამავე დროს, 2020 წელს გაცემული კრედიტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს უმუშევართა შემწეობის 280 ათასზე მეტი გადახდა შესაბამისი პირებისათვის. ეს მხარდაჭერა თავის წვლილს შეიტანს არა მხოლოდ მრავალი ოჯახის სოციალური დაცვის საქმეში, არამედ ასევე სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებაში.

დატოვე კომენტარი