გერმანიის მთავრობამ მარიხუანის ლეგალიზაციის გეგმა შეათანხმა
გერმანიის მთავრობამ მარიხუანის ლეგალიზაციის გეგმა შეათანხმა

გერმანიის მთავრობამ მარიხუანის ლეგალიზაციის გეგმა შეათანხმა. როგორც ვარაუდობენ, 2024 წლიდან გერმანიის ზრდასრული მოქალაქეები მარიხუანის ლეგალურად მოხმარებას როგორც სამედიცინო, ისე რეკრეაციული მიზნით შეძლებენ.

მარიხუანის ლეგალიზაცია იყო ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც გერმანიის სამთავრობო კოალიციაში შემავალმა მწვანეებმა დადეს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, მოქალაქეს პირადი მოხმარებისთვის 30 გრამამდე მარიხუანის ფლობის უფლება ექნებათ. მისი ყიდვა შესაძლებელი იქნება ლიცენზირებულ მაღაზიებსა და აფთიაქებში.

ამასთან, თითოეულ მოქალაქეს სახლში შეეძლება სამი ძირი მარიხუანის მოყვანა.

გერმანიის მთავრობის გეგმის ძალაში შესვლამდე მას უნდა დაეთანხმოს ევროკომისია და გერმანიის პარლამენტი.

როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კალ ლაუთერბახი აცხადებს, მარიხუანის ლეგალიზაცია საბოლოოდ 2024 წელს დასრულდება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მარიხუანის ლეგალიზაციით გერმანია სახელმწიფო ბიუჯეტში წელიწადში დამატებით 4,7 მილიარდი დოლარის ოდენობით შემოსავალს მიიღებს და 27 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

ამჟამად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მარიხუანის მოხმარება ლეგალური მხოლოდ მალტაშია. ნიდერლანდებში მარიხუანის მოხმარება იურიდიულად არ არის ნებადართული, მაგრამ მთავრობა მცირე რაოდენობით მარიხუანის მოხმარებას ხელს არ უშლის.