გერმანიის მხარდაჭერით, წელს პროფესიულ სასწავლებლებში საინჟინრო-სამშენებლო მიმართულებით დუალური სწავლება დაიწყება
საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში წელს პირველად, საინჟინრო-სამშენებლო მიმართულებით დუალური – პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება დაიწყება. ამის შესახებ პირველ არხს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრიდან აცნობეს.
მათი თქმით, აღნიშნული პროგრამა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის თანამშრომლობით ინერგება.
პროგრამების განხორციელება ახალი სასწავლო წლიდან ქობულეთში მოქმედ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ იწყება. სტუდენტებს კომპანიები „ანაგი“ და „გზა“, ასევე მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული შპს-ები „ქობულეთის წყალი“ და „ქობულეთის სოფლის წყალი“ შეარჩევენ. მათ ბაზებზე განხორციელდება სტუდენტების პრაქტიკული სწავლება, მათ შორის „ანაგის“ მიერ ბათუმში მშენებარე სტადიონზე.
სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, კომპანიებისგან ანაზღაურებასაც მიიღებენ.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის თანამშრომლობა წლებია მიმდინარეობს. ეს პროცესი GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გააქტიურდა. განხორციელებული აქტივობებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დუალური სწავლების დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში. პროგრამის მხარდაჭერით 2016 წელს შემუშავდა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცდა მევენახე-მეღვინის პროფესიული სტანდარტი და მეხუთე საფეხურის მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე შემუშავებული დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება იმავე წელს დაიწყო ორ კოლეჯში, კახეთის რეგიონში კოლეჯ აისში და მცხეთა მთიანეთის რეგიონში ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში.
მომზადდა სასწავლო რესურსები, ჩატარდა ტრენინგები კოლეჯის მასწავლებლებისა და კომპანიების ინსტრუქტორებისთვის, 2017-2018 წელს დამტკიცდა ჩარჩო დოკუმენტი – სასტუმრო, რესტორანი და კვება, რომლის საფუძველზე შემუშავებული სასტუმრო მომსახურების, სარესტორნო მომსახურების, კულინარიის ხელოვნების და კონდიტერის საკვალიფიკაციო პროგრამებს უკვე ახორციელებენ კოლეჯები: „ახალი ტალღა“, „ბლექსი“, „მერმისი“. სწავლებაში ჩართული არიან აჭარის რეგიონის სასტუმროები „ჰილტონი“, „კასტელო მარე“, „ჯორჯიან პალასი“, „ინტურისტი“.
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვის მსურველებს ანკეტა-კითხვარის შევსება სექტემბრის შუა რიცხვებიდან შეეძლებათ, მომდევნო ეტაპი ტესტირება იქნება. კოლეჯებში სწავლა ოქტომბრის ბოლო რიცხვებში დაიწყება.
პროფესიულ სასწავლებლებში მიღება აპრილშიც განხორციელდება.