გერმანიის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები საქართველოს პირველი არხის მუშაობის პროცესს გაეცნენ
საქართველოს პირველ არხს გერმანიის მარეგულირებელი კომისიის (BLM) პრეზიდენტი ზიგფრიდ შნაიდერი და კომისიის წევრები, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელ კახა ბექაურთან ესტუმრნენ ესტუმრნენ.
სტუმრები საქართველოს პირველი არხის მუშაობის პროცესს გაეცნენ და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია არხის მენეჯმენტისგან მოისმინეს.
„საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, თუ როგორ გავაუმჯობესოთ მედიაწიგნიერების დონე. საინტერესო იყო ინტეგრირებული ნიუსრუმის ნახვა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა შეიცვალოს აზროვნება, რათა ვთქვათ, ციფრული მედია არის მთავარი და უპირატესი. თქვენ გაქვთ ყველაფერი, მათ შორის ვებსაიტი, ციფრული მედიის მიმართულებით“, – განაცხადა გერმანიის მარეგულირებელი კომისიის პრეზიდენტმა, ზიგფრიდ შნაიდერმა.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, გერმანელ სტუმრებთან საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და ახალი მედიის მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერების პროცესს.
„ვისაუბრეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიღწევებზე. მიხარია, რომ ევროპელი სტუმრები სტუმრობენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მათ ზუსტად იციან მოდელი, რომელიც ევროპაში არსებობს და მათ შორის არაერთმა აღნიშნა ჩვენი მიღწევები ციფრულ მედიაში, როგორ ვცდილობთ, ეს ნაწილი წამოვწიოთ უფრო წინ.
ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომლებიც უკავშირდება ახალ შენობას, ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ გადაიარაღებას. ვფიქრობ, სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარი საჯაროობიდან გამომდინარე, ყოველთვის მოხარულია, ისწავლოს სხვა ორგანიზაციებიდან, მათ შორის, გაუზიაროს ის ცოდნა, რომელიც მას დაუგროვდა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
გერმანიის მარეგულირებელი კომისიის პრეზიდენტი და წევრები საქართველოში კომუნიკაციების კომისიის მოწვევით იმყოფებიან.