გერმანიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოსკოვს ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადირების თხოვნით ბერლინისთვის არ მიუმართავს
გერმანიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოსკოვს ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადირების თხოვნით ბერლინისთვის არ მიუმართავს

გერმანიის ხელისუფლებამ ზელიმხან ხანგოშვილთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება უარყო. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. გერმანიის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფან ზეიბერტის განცხადებით, მოსკოვს ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადირების თხოვნით ბერლინისთვის არ მიუმართავს.

„ჩვენ არ გვაქვს რაიმე სახით მონაცემი იმის შესახებ, რომ რუსეთმა ექსტრადირება ითხოვა“, – განაცხადა გერმანიის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზეიბერტმა.

მისი თქმით, გერმანიის პოზიცია ნათელია. რუსეთმა საქმის გამოძიებაში უნდა ითანამშრომლოს და გერმანიას გამოძიებისთვის საჭირო შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.

10 დეკემბერს, პარიზში ნორმანდიული ოთხეულის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადირების თხოვნით გერმანიას არაერთხელ მიმართა. ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა უარყო ეჭვი იმის შესახებ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები არიან გარეულნი.

ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომში საველე მეთაური იყო. ის გერმანიაში საცხოვრებლად 2015 წელს გადავიდა. ის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. მას ორჯერ ესროლეს. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის დაკავება მალევე შეძლო. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით 49 წლის რუსი მამაკაცი დააკავეს.