გერმანიის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების კუთხით მაღალი რისკის ქვეყნებსა და რეგიონებში მოგზაურობა შეწყვიტონ
გერმანიის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების კუთხით მაღალი რისკის ქვეყნებსა და რეგიონებში მოგზაურობა შეწყვიტონ

გერმანიის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების კუთხით მაღალი რისკის ქვეყნებსა და რეგიონებში მოგზაურობა შეწყვიტონ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გერმანიის 16 ფედერალური მხარის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული მოგზაურების საკმაოდ დიდ ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, გერმანიაში კორონავრიუსის გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ხელისუფლებამ შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, სავარაუდოდ ოქტომბრიდან, ვერცერთი მოქალაქე, რომელსაც მაღალი რისკის ქვეყანაში მოგზაურობის გამო კარანტინის გავლა მოუწევს, დაკარგული შემოსავლის სანაცვლოდ, კომპენსაციას ვერ მიიღებს.

გარდა ამისა, გერმანიის ხელისუფლება მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის კონცერტების, სპორტული ღონისძიებებისა და ფესტივალების აკრძალვას წლის ბოლომდე გაახანგრძლივებს.

ამასთან, გერმანიის ფედერალური მხარეების ხელისუფლებები სახლში შეკრებაზე შეზღუდვებს დააწესებენ. პირბადის ტარების წესის დარღვევა კი 15 მხარეში სულ მცირე 50 ევროს ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.