გერმანიის ხელისუფლება არავაქცინირებული დასაქმებულებისთვის კარანტინის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს
გერმანიის ხელისუფლება არავაქცინირებული დასაქმებულებისთვის კარანტინის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს

გერმანიის ხელისუფლება არავაქცინირებული დასაქმებულებისთვის კარანტინის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, უსამართლობაა, სთხოვო გადასახადების გადამხდელებს, დააფინანსონ ისინი, ვინც უარს ამბობენ კორონავირუსის აცრაზე.

„როიტერის“ ინფორმაციით, ახალი წესი გერმანიის 16 ფედერალურ მიწაზე 11 ოქტომბრისთვის ამოქმედდება. აღნიშნული რეგულაცია გავრცელდება როგორც კორონავირუსით დაინფიცირებულ მოქალაქეებზე, ასევე იმ პირებზე, რომლებიც „კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნდებიან. მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული არავაქცინირებული მოქალაქეები გერმანიაში ვალდებულები არიან, ხუთდღიანი კარანტინი გაიარონ. კარანტინის ვალდებულება არ ვრცელდება ვაქცინირებულებზე და ბოლო პერიდოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებზე.

ახალი რეგულაციის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ახალი წესი ფაქტობრივად სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას ნიშნავს, რადგან მრავალ დასაქმებულს არ შეუძლია, სახლში ანაზღაურების გარეშე დარჩეს.

„ჩვენ ამას სხვაგვარად უნდა შევხედოთ. საქმე ეხება სამართლიანობას. მათ, ვინც საკუთარ თავსა და სხვებს ვაქცინაციით იცავენ, შეუძლიათ, სამართლიანად იკითხონ, რატომ უნდა გადავუხადოთ მათ, ვინც კარანტინში აღმოჩნდა რისკის ზონაში დასვენების შემდეგ“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

აღსანიშნავია ასევე, რომ 11 ოქტომბრიდან ფასიანი გახდება „კოვიდ-19“-ზე ტესტი, როლის წარდგენაც სავალდებულოა ზოგიერთ დაწესებულებაში შესასვლელად, მათ შორის რესტორნის დახურულ სივრცეში.

გერმანიაში ზრდასრული მოსახლეობის 74 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია.