გერმანიის კანცლერმა ლიბანის მთავრობას მიგრაციული კრიზისის გადაჭრაში თანამშრომლობა შესთავაზა
გერმანიის კანცლერმა ლიბანის მთავრობას მიგრაციული კრიზისის გადაჭრაში თანამშრომლობა შესთავაზა

ბეირუთში ოფიციალური ვიზიტით ჩასული გერმანიის კანცლერისა და ლიბანის პრემიერ-მინისტრის საუბრის მთავარი თემა მიგრაციული კრიზისის დაძლევა და ამ პროცესში ორმხრივი თანამშრომლობა იყო. ანგელა მერკელმა საად ჰარირის ლტოლვილებთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა. გერმანიის კანცლერს იმედი აქვს, რომ ლიბანისთვის გაწეული დახმარებით, ევროპისკენ მიმავალი სირიელი და ერაყელი მიგრანტების ნაკადს შეაჩერებს.

ლიბანში მილიონამდე სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს. საად ჰარირიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიბანის მთავრობამ სირიელ და ერაყელ ლტოლვილებს 2011 წლიდან კარი გაუღო, თუმცა ამ კრიზისთან გამკლავება რთულია.

„როცა 5-მილიონიან ქვეყანაში მილიონზე ადამიანი ლტოლვილია, რთულია, ეკონომიკური კრიზისი დაძლიო“, – განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა.

ანგელა მერკელს ბეირუთში ვიზიტის დროს ბიზნესმენების დელეგაციაც თან ახლდა. მან ლიბანის მთავრობას პირობა მისცა, რომ გერმანია მზად არის, მათ ინფრასტრუქტურული პროექტები და ინვესტირება შესთავაზოს.

გერმანიამ ლიბანს ბოლო ერთ დახმარების სახით 443 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

მიგრაციული კრიზისის დაძლევა მწვავე საკითხს წარმოადგენს როგორც ევროკავშირში, ასევე გერმანიის მთავრობაში. მერკელის პარტიასა და მის მოკავშირე, ბავარიის ქრისტიან-სოციალისტურ კავშირს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული, ურთიერთსაპირისპირო ხედვა აქვთ. ეს უკანასკნელი ხისტი საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრეა.

„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებს შორის. ცხადია, მთელ ამ პრობლემას ასე მოკლე დროში ვერ გადავჭრით, მაგრამ საერთო კონსენსუსამდე მიღწევის იმედი მაქვს. საერთო პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაზე აისახა. მე მჯერა, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა სწორედ ევროკავშირის გარეთ ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან თანამშრომლობა და მრავალმხრივი შეთანხმების მიღწევაა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა ბეირუთში გამართულ კონფერენციაზე.

ევროკავშირის ლიდერები მიგრაციული პოლიტიკისა და თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკაზე მომავალ კვირას იმსჯელებენ.