გერმანიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი - საქართველოსთან თანამშრომლობის პროგრამა 2022-დან 2025 წლამდე პერიოდს მოიცავს და მასში ყურადღება გამახვილებულია სასჯელაღსრულების კანონზე
გერმანიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი მარკო ბუშმანი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებულ დოკუმენტს, რომელიც 2022-2025 წლებში ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებითა და პენიტენციური და პრობაციის სისტემების სფეროში განსახორციელებელ აქტივობებს ითვალისწინებს.
„მე და ჩემმა ქართველმა კოლეგამ, ბატონმა რატი ბრეგაძემ ხელი მოვაწერეთ სამართლებრივი თანამშრომლობის სამუშაო პროგრამას. სამუშაო პროგრამაში, რომელიც მოიცავს 2022-დან 2025 წლამდე პერიოდს, ყურადღება გამახვილებულია სასჯელაღსრულების კანონზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია, რადგან ეს აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი პროცესისთვის. გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) მეშვეობით მოვაწყობთ კონფერენციებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, ექსპერტებთან საუბრებს და სასწავლო ვიზიტებს ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით. სიხარულით ველით ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, – აცხადებს მარკო ბუშმანი.
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.