გერმანიის ელჩი - საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, დაუშვებელია თქმა, რომ შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში
საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს. დაუშვებელია იმის თქმა, რომ შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. ახლა უნდა იმუშაოს ყველამ, რათა ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
როგორც ელჩი აცხადებს, ძალიან კარგია მოლაპარაკებები, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორების ჩართულობით ტარდება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თემები, რომლებზეც მიდის საუბარი, დარჩეს კანონმდებლობის ფარგლებში.
„როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ ჩიხში არ ვართ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჯერ არ ვართ ბოლომდე მისულები. მხოლოდ წარსულზე საუბრებით გამოდის, რომ მხარეები ერთმანეთს უბრალოდ დროს აკარგვინებენ. მნიშვნელოვანია, რომ თემები, რომლებზეც მიდის საუბარი, დარჩეს კანონმდებლობის ფარგლებში. ქვეყანაში კონსტიტუცია არსებობს არა იმისთვის, რომ ყველა ახალ პოლიტიკურ სიტუაციაში რაიმე ახალი მოიგონო, არამედ იმისთვის, რომ მის ჩარჩოებში დარჩე და იქ მოძებნო გამოსავალი“, – აცხადებს ქნირში.
მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას პოლარიზება მძიმე ტვირთად აწევს.
„ვხედავთ, რომ პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი, რომ ისინი არ თანამშრომლობენ, ერთმანეთს მტრებად განიხილავენ, იმის მაგივრად, რომ პარტნიორები იყვნენ დემოკრატიულ პროცესში. მე მგონია, რომ ამის გამო, ერთეულ პიროვნებებს ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ სხვადასხვა პიროვნებებს სხვადასხვა წვლილი მიუძღვით ამ განვითარებაში. ეს უფრო არის პროცესი, რომელსაც თავისი გარკვეული დინამიკა აქვს, რომელიც ბევრს თითქოს არც სურს, მაგრამ ყველაფერი თითქმის ავტომატურად მიმდინარეობს, თუ მისი შეჩერება არ ხდება.
მგონია, რომ ამ არჩევნებს პოლარიზებაში წვლილი არ შეუტანია, რადგან ეს არჩევნები ჩატარდა ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რომელიც ყველა პარტიის დიალოგის მიხედვით ერთხმად იქნა მიღებული, ანუ მიღწეულ იქნა კონსენსუსი. ეს იყო საარჩევნო სისტემა, რომელმაც საგრძნობლად მეტ პარტიას მისცა პარლამენტში შესვლის საშუალება. ეს არის ეფექტი, რომელიც ეწინააღმდეგება პოლარიზაციას და რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიების მანდატების წილი საგრძნობლად გაიზარდა. მე მგონია, რომ ამით უფრო პლურალისტური და გაწონასწორებული პარლამენტი იქნება, რომელიც საკმაოდ კარგად ასახავს პოლიტიკურ მიმდინარეობებს საქართველოში“, – განაცხადა ქნირშმა.
ელჩის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მოიტანა წინსვლა პარტიების პლურალიზმში. მისივე აზრით, წინსვლა გვაქვს ასევე იმაში, თუ რა სახით მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანია.
„მგონია, რომ ნაკლები პოლემიკა იყო, ვიდრე ეს საპრეზიდენტო არჩევნებისას 2018 წელს მახსოვს. ასევე, ნაკლები ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა მაინც გვქონდა მთელი რიგი მსგავსი სამწუხარო ფაქტებისა. დღეს იწყება ახალი გამოცდა. რადგან გამოცდა არ მთავრდება არჩევნებით, არანაკლებ დიდ გამოწვევას წარმოადგენს მუშაობა პარლამენტში. საქართველომ ცვლილებები შეიტანა თავის კონსტიტუციაში, შემოღებულ იქნა სრულად საპარლამენტო სისტემა და ახლა პარტიები უნდა შეეგუონ ამ მოცემულობას, გადაიბარონ თავიანთი როლი ამ საპარლამენტო სისტემაში და გამოიყენონ ის“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.