გერმანიის ელჩი - ევროკავშირის რეკომენდაციები საჯაროა, მთავრობას აქვს საკანონმდებლო პროცესი, შეფასება ძალიან ადრეა, ჩვენ უნდა ვნახოთ შედეგი
საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩ პიტერ ფიშერის განაცხადებით, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური, დემოკრატიული. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, შედეგები შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტს.
აღნიშნულის შესახებ გერმანიის ელჩმა საერთაშორისო კონფერენციის, „ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: მთავარი ეტაპები“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„გზა ძალიან მკაფიოა, რეკომენდაციები საჯაროა. მთავრობას აქვს საკანონმდებლო პროცესი. ჯერ ძალიან ადრეა შეფასება, ჩვენ უნდა ვნახოთ შედეგი. ორი რამ არის მნიშვნელოვანი – პირველი არის ინკლუზიური, დემოკრატიული, პლურალისტური პროცესი და მეორე, რომ შედეგები შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტს“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა.
ამასთან, პიტერ ფიშერის თქმით, მოხარულია, რომ საქართველოში იმყოფება. მისივე განცხადებით, ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. უმნიშვნელოვანესია ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა, ვინაიდან ამ ასაკში აუცილებელია პროფესიული უნარების განვითარება და განახლება. სწორედ ეს არის ეკონომიკისა და ქვეყნის აყვავების საწინდარი“, – აღნიშნა გერმანიის ელჩმა.
თბილისი საერთაშორისო კონფერენციას – „ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: მთავარი ეტაპები“ მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობას იღებს ზრდასრულთა განათლების 100-მდე ექსპერტი, მკვლევარი და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი გერმანიიდან, ევროკავშირის, მისი არაწევრი ქვეყნებიდან და DVV International-ის პარტნიორი რეგიონებიდან. კონფერენციის მონაწილეები სამხრეთ კავკასიაში ზრდასრულთა სწავლასა და განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს განიხილავენ. საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ და საქართველოში გერმანიის ელჩმა გახსნეს. ღონისძიება ორდღიანია და იგი გერმანიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ტარდება.