გერმანიის ელჩი - დიდი იმედი მაქვს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ რამდენიმე დღეში საარჩევნო სისტემაზე მივაღწევთ შედეგს
სამი თვეა, ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს, საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
ელჩის თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ რამდენიმე დღეში შედეგს მიაღწევენ.
„პარასკევს გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პოლიტიკურ მხარეებთან. უკვე სამი თვეა, ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. ამ შეთანხმების მიღწევას კიდევ ერთი პატარა ნაწილი აკლია. შექმნილი ვითარება დაახლოებით ჰგავს ისეთ სიტუაციას, როდესაც ჯგუფი ძალიან მაღალ მთაზე ადის და ძალიან სამწუხარო იქნება, რომ როდესაც რამდენიმე მეტრიღაა დარჩენილი, ჯგუფმა მთაზე ასვლა ვერ მოახერხოს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს და ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ამ რამდენიმე დღეში მივაღწევთ შედეგს და ყველა მონაწილე მხარე ზუსტად ისე გავიხარებთ, როგორც დღევანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულები“,- ამის შესახებ ელჩმა საქართველოს „გოეთეს“ ინსტიტუტში ჟურნალისტებთან კომენტარისას აღნიშნა, სადაც გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ამასთან, პარასკევს, 28 თებერვალს თბილისში, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. გერმანიის ელჩის მიწვევით ვახშამზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ.