გერმანიის ელჩი 2 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
გერმანიის ელჩი 2 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მის მიერ 2 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

ელჩი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის დაზუსტებას აკეთებს: „დაზუსტება: 1. ქვემოთ მე ციტირება მოვიყვანე გერმანიის კანცლერის და დავეყრდენი კანცლერის წყაროს. ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება. 2. გერმანიის საელჩომ უპასუხა კითხვებს: კანცლერის განცხადების საბაბი იყო გერმანია, თუმცა ისინი ზოგადადაც ვალიდურია. 3. ვიმედოვნებ, ეთანხმებით კანცლერის სიტყვებს“, – ნათქვამია განმარტებაში.

2 ივნისს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში გააზიარა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება ძალადობის დაგმობაზე, თუმცა ელჩს დაკონკრეტებული არ ჰქონდა, რომელ ქვეყანას შეეხებოდა კანცლერის განცხადება. ელჩის მიერ შოლცის განცხადების სოციალურ ქსელში გაზიარების შემდეგ, რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოლცის განცხადება საქართველოს ეხებოდა.

რაც შეეხება თავად ოლაფ შოლცის განცხადებას, გერმანიის კანცლერმა გერმანიაში მომხდარი ძალადობის შემთხვევები დაგმო და აღნიშნა: „იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია და მათი ხმა უშეცდომოდ უნდა იქნას გაგებული“.