გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი ლევან დავითაშვილს შეხვდა
საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა.
სვენია შულცემ და ლევან დავითაშვილმა, ენერგოეფექტიანობის პროგრამის გათვალისწინებით, ხელი მოაწერეს 40 მილიონიანი ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას და 3,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას, საქართველოში ათობით საჯარო სკოლის ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციისთვის.
„მე შევხვდი საქართველოს მთავრობის წევრებს. გუშინ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, დღეს ლევან დავითაშვილს და ამ შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობის მომავალი პრიორიტეტების შესახებ. ერთი მხრივ, ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკა. მაგალითად, დავუპირისპირდეთ სპეციალისტთა დიდ ნაკლებობას ინდივიდუალური პროფესიული განათლებით. მეორე მხრივ, გვსურს დახმარება, რათა საქართველო გახდეს უფრო მწვანე, ეკოლოგიური და მდგრადი ქვეყანა. მაგალითად, მდგრადი მობილობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების მეშვეობით. ამით წვლილი შეგვაქვს, რომ საქართველო გახდეს მეტად ენერგოდამოუკიდებელი რუსეთისგან და ამავდროულად, მიაღწიოს კლიმატის გლობალურ მიზნებს, რომლებიც დასახულია. მიმდინარე და გასულ წელს გერმანიამ საქართველოსთვის მთლიანობაში 120 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. გარდა ამისა, წელს ვგეგმავთ დამატებითი 27 მილიონი ევროს გამოყოფას საქართველოს ენერგოსექტორის რეფორმისთვის. აღნიშნულ საკითხს გერმანიის პარლამენტი ძალიან მალე განიხილავს და იმედიანად ვარ განწყობილი, რომ პასუხი დადებითი იქნება“, – განაცხადა შულცემ.
ამასთან, მისივე თქმით, დაგეგმილია თანამშრომლობა საჯარო ადმინისტრირების გაძლიერებისა და მედიის თავისუფლების კუთხით. შულცეს განცხადებით, „ეს ორი სფერო წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაყენებულ წინაპირობებს საქართველოს ევროკავშირის გზაზე“.
„საქართველოში ჩემმა ვიზიტმა დამანახა, რომ პუტინი ვერაფერს დააკლებს ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ სამეზობლოს, განსაკუთრებით საქართველოს შორის კავშირებს, ვერ ჩამოშლის ამას. ამ შეხვედრებიდან ძალიან იმედიანად გამოვედი და მიხარია, რომ საქართველოსთან გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“, – განაცხადა სვენია შულცემ.