გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მთავრობის გეგმას, რომელიც საქართველოსა და სამი ჩრდილოაფრიკული ქვეყნის – ალჟირის, მაროკოსა და ტუნისის უსაფრთხო სახელმწიფოებად აღიარებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
კანონპროექტს ბუნდესტაგის 509 წევრმა დაუჭირა მხარი.
როგორც გერმანული მედიასაშუალება აღნიშნავს, უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოების მოქალაქეებს გაურთულებს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურას.
ბუნდესტაგისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა, რომ კანონპროექტი მხოლოდ აღიარებს იმას, რაც ისედაც რეალობაა.
„უსაფრთხო ქვეყნები არის ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს თავშესაფრის მიღების ძალიან მცირე შანსი აქვთ. ქვეყნების ამგვარად კლასიფიცირება დააჩქარებს თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცესს და საშუალებას მოგვცემს, შევწყვიტოთ მათი გერმანიაში ყოფნა, თუ მათი განაცხადი უარყოფილი იქნება“, – განაცხადა ზეეჰოფერმა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს, ალჟირის, მაროკოსა და ტუნისის მოქალაქეებს თავშესაფრის მიღების ძალიან მცირე მაჩვენებელი აქვთ, კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში, ამ ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა მხოლოდ 0,3%-მა მიიღო დადებითი პასუხი. მინისტრის მტკიცებით, საკანონმდებლო ცვლილებები გერმანიას საშუალებას მისცემს, ძალისხმევა მიმართოს იმ პირების დასახმარებლად, ვინც ნამდვილად საჭიროებს დაცვასა და თავშესაფარს.
ახლა კანონპროექტი გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ – ბუნდესრატმა უნდა დაამტკიცოს, რომელიც გერმანიის 16 ფედერალური მიწის წარმომადგენლობაა. გერმანიის ცხრა ფედერალური მიწის ადგილობრივ მთავრობებში „მწვანეთა პარტიაა“ შესული, რომელიც კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის. ინიციატივის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კანონპროექტი გერმანიაში თავშესაფრის მინიჭების პროცედურას არ გააუმჯობესებს.
ბუნდესრატში კენჭისყრა 15 თებერვალს არის დანიშნული.