გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრები საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ
გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრები საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდნენ.
თომას ჰაკერის განცხადებით, შეხვედრაზე რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრეს. მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ნიკა გვარამიას საკითხზე და მედიის თავისუფლებაზე.
„შეხვედრა გვქონდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან. ვისაუბრეთ საქართველოს განვითარების საკითხებზე და ევროპული თანამეგობრობის მიმართულებით საქართველოს გზაზე. მივიღეთ ინფორმაცია მიღწეული საკანონმდებლო პროგრესისა და რეფორმების შესახებ. ასევე, ჩემი სახელით კიდევ ერთხელ ვითხოვე ნიკა გვარამიასთან სტუმრობა და კიდევ ერთხელ მივიღე უარი. მითხრეს, რომ უცხოელებს საქართველოში არ აქვთ ციხეში შესვლის შესაძლებლობა. ეს არის ზოგადი გადაწყვეტილება, ასე რომ, ჩემთვის ეს შესაძლებელი არ არის. მიხეილ სააკაშვილის საკითხი განხილული არ ყოფილა. ჩვენ ვისაუბრეთ პროგრესზე, მედიის თავისუფლებაზე და ნიკა გვარამიას განსაკუთრებულ საქმეზე“, – განაცხადა თომას ჰაკერმა.