გერმანიის ბუნდესტაგი დღეს „გენდერული თვითგამორკვევის შესახებ“ კანონს უყრის კენჭს
გერმანიის ბუნდესტაგი დღეს „გენდერული თვითგამორკვევის შესახებ“ კანონს უყრის კენჭს

გერმანიის ბუნდესტაგი დღეს „გენდერული თვითგამორკვევის შესახებ“ კანონს უყრის კენჭს. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, აღნიშნული კანონი გაამარტივებს გენდერული იდენტობისა და სახელის შეცვლის პროცედურებს.

ამჟამად არსებული წესების მიხედვით, პირს, რომელსაც სქესის შეცვლა სურს, ფსიქიატრ-ექსპერტთა შეფასება და სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. კანონპროექტის მიხედვით, ტრანსგენდერად განისაზღვრება პირი, რომელიც არ აიდენტიფიცირებს თავს დაბადებისას არსებულ სქესთან ან მხოლოდ ამ სქესთან. ახალი კანონი ასევე შესაძლებლობას მისცემს მათ, ვინც თავს მხოლოდ მამაკაც ან ქალად არ მიიჩნევს, განისაზღვრონ, როგორც არაბინარული ადამიანები. ახალი კანონი ცვლილების მსურველი პირებისგან განაცხადის დარეგისტრირებას სამი თვით ადრე მოითხოვს.

რაც შეეხება 14 წლამდე ასაკის პირებს, განაცხადის გაკეთება მათ ლეგალურ წარმომადგენელს შეეძლება. 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირების შემთხვევაში კი, ისინი ლეგალური წარმომადგენლის ნებართვით, დამოუკიდებლად შეძლებენ განაცხადის დაფიქსირებას. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვა არ გაიცემა, საოჯახო საქმეების სასამართლოს შეეძლება, გასცეს ცვლილების შესახებ ნებართვა, თუკი სქესისა და სახელის შეცვლა „არ ეწინააღმდეგება ბავშვის კეთილდღეობას“.

დღესვე გაიმართება ფინალური დისკუსიები კანონპროექტზე, რომელიც დაქორწინებულ წყვილსა და მათ შვილებს შესაძლებლობას მისცემს, თავად აირჩიონ ან შეიცვალონ გვარი. ამჟამად არსებული კანონის მიხედვით, გერმანიაში ქორწინებაში მყოფი წყვილი საერთო გვარს ატარებს ან ქორწინებამდელ გვარს ინარჩუნებს. ახალი კანონით კი, დაქორწინებულ წყვილს შეეძლება, გააერთიანოს ორივე გვარი და ეს გაერთიანებული გვარი მიანიჭონ შვილს. განქორწინების შემთხვევაში, ბავშვს შესაძლებლობა ექნება, შეიცვალოს გვარი, თუ რომელიმე მშობელი თავად შეიცვლის მას. ამჟამად ბავშვები დაბადებისას მინიჭებულ გვარს ინარჩუნებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცხოვრობენ მშობელთან, რომელიც აღარ ატარებს მეუღლის გვარს.