გერმანიაში ულტრამემარჯვენე ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში ეჭვმიტანილი ექვსი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანულ მედია კარლსრუეს პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაკავებულები გერმანიის მოქალაქეები არიან. მათი ასაკი 20-დან 30 წლამდეა.
დაკავებასთან ერთად საქსონიაში რამდენიმე ბინასა და დაწესებულებაში ჩხრეკა ჩატარდა. ამავე საქმეზე ჯერ კიდევ 14 სექტემბერს 31 წლის კრისტიან კ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე მოძრაობა „კემნიცის რევოლუციის“ შვიდი წევრი უცხოელებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმებს გეგმავდნენ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას ცდილობდნენ.
როგორც გამოცემა Spiegel-ი წერს, ჯერ უცნობია, მონაწილეობდნენ თუ არა დაკავებულები აგვისტოში კემნიცში მომხდარ არეულობებში.
სავარაუდოდ, მიგრანტების მიერ მამაკაცის მკვლელობას კემნიცში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.