გერმანიაში რკინიგზელთა რამდენიმესაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო
გერმანიაში რკინიგზელთა რამდენიმესაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, სარკინიგზო კომპანია Deutsche Bahn-მა გაფიცვის დასრულებამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შორი მანძილის რეისები შეაჩერა. კომპანია მგზავრებს შეფერხებების შესახებ აფრთხილებს და შესაძლებლობის შემთხვევაში, მგზავრობას ხვალ ურჩევს.
გაფიცვის გამო, ყველაზე მეტად გერმანიის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი დაზარალდა. კარლსრუეს მთავარმა სადგურმა მუშაობა შეაჩერა. გერმანიის მთელ ტერიტორიაზე შეფერხებით გადაადგილდება სატვირთო სარკინიგზო ტრანსპორტიც.
რკინიგზის თანამშრომელთა პროფკავშირმა EVG-მ გამაფრთხილებელი გაფიცვის გამოცხადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სარკინიგზო კოამპანია Deutsche Bahn-თან ტარიფების საკითხზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. პროფკავშირი თავისი 160 ათასი წევრისთვის ხელფასის გაზრდას ითხოვს.