გერმანიაში, სინაგოგასთან მომხდარ სროლასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სამართალდამცავი უწყების განცხადებაზე დაყრდნობითი იუწყება.
დაკავებულის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
პარალელურად, ქალაქის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას სახლებში დარჩენისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
დღეს გერმანიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ჰალეში, სინაგოგასთან სროლა იყო. შედეგად ორი პირი დაიღუპა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში. თუმცა თვითმხილველები იუწყებიან, რომ თავდამსხმელს ხელში რამდენიმე იარაღი ეჭირა. ამასთან ერთად, თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა სინაგოგის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილიც ისროლა, რის შემდეგაც ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.
გერმანული მედიის ცნობით, სინაგოგის სიახლოვეს მომხდარი თავდასხმის შემდეგ რამდენიმე წუთში მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა კიდევ გაისმა.