გერმანიაში კლიმატის დამცველი აქტივისტების დემონსტრაციის გამო მიუნხენის აეროპორტი დროებით დაიხურა
გერმანიაში კლიმატის დამცველი აქტივისტების დემონსტრაციის გამო მიუნხენის აეროპორტი დროებით დაიხურა, ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, კლიმატის დამცველმა აქტივისტებმა ასაფრენი ბილიკები დაიკავეს. აქციის მონაწილეების მიერ გამართულ ერთ-ერთ ბანერზე ეწერა: „პრობლემა მთავრობაა და არა ჩვენი დღესასწაული“.
პოლიციის ცნობით, დაკავებულია, სულ მცირე, 8 აქტივისტი.
აეროპორტის სპიკერმა განაცხადა, რომ მიუნხენის აეროპორტი თითქმის ორი საათის განმავლობაში სრულად დაკეტილი იყო აფრენისა და დაფრენისთვის. დაახლოებით 11 რეისი გადამისამართდა სხვადასხვა აეროპორტში, 60-მდე ფრენა კი გაუქმდა.