ბერლინში ასობით ადამიანმა გერმანიაში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი გააპროტესტა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, დემონსტრანტებმა სირიაში თურქეთის სამხედრო მოქმედებები დაგმეს. მათ თურქეთის ხელისუფლება ადამიანის უფლებების დარღვევასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეებს შორის ბევრი ქურთი იყო. ბერლინის პოლიციის განცხადებით, გერმანიის დედაქალაქში უსაფრთხოებას ერდოღანის ვიზიტის გამო 4 200 სამართალდამცველი უზრუნველყოფდა.
თურქეთის პრეზიდენტი გერმანიაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტსა და კანცლერს. დღეს გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი ერდოღანის საპატივცემულოდ სახელმწიფო წვეულებას მართავს. მიწვეულ სტუმრებს შორის ზოგიერთმა, მათ შორის, ბუნდესტაგის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად წვეულებაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.
29 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტი კელნში მეჩეთის გახსნას დაესწრება. გერმანიის ამ ქალაქში ერდოღანის წინააღმდეგ ასევე დაგეგმილია საპროტესტო გამოსვლები.