გერმანიაში „დიდმა კოალიციამ“ მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია
გერმანიაში „დიდმა კოალიციამ“ მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მმართველი პარტიის წევრები კანონის გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერმა ანდრეა ნალესმა მმართველი კოალიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„სოციალ-დემოკრატების“ მიერ ანგელა მერკელის კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან მიღწეული შეთანხმება ქვეყანაში არსებული მიგრაციული კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებულ მიგრანტებს, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ. ისინი მოკლე ვადით, სპეციალურ ცენტრებში განთავსდებიან, რის შემდეგაც გერმანია მიგრანტს იმ ევროპულ სახელმწიფოში გააგზავნის, სადაც დარეგისტრირებულია. ხოლო თუ გერმანია და გაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოები მიგრანტების გადანაწილებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მიგრანტებს გერმანიის საზღვარზე დატოვებენ.
2 ივლისს ამავე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა, რისი წყალობითაც გერმანიაში მიგრაციული პოლიტიკის გამო შემქნილი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა.