გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პრობლემა შეექმნათ, სოციალური პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სხვა სამუშაო ადგილებზე გადაანაწილებენ
გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პრობლემა შეექმნათ, სოციალური პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სხვა სამუშაო ადგილებზე გადაანაწილებენ

კონკრეტული დამსაქმებლის მიერ არასათანადო და არაეთიკური ქცევისგან, სამწუხაროდ, არავინაა დაცული, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც გერმანიაში დასაქმების სპეციალური პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეები არასათანადო სოციალურ პირობებში იმყოფებიან.

ბარკალაიამ აღნიშნა, რომ პრობლემა მოგვარებულია იმ თვალსაზრისით, რომ დამსაქმებლის მხრიდან არის თანხმობა, გააუმჯობესოს პირობები.

„რამდენიმე ჯგუფია უკვე გერმანიაში სამუშაოდ წასული. ერთეული შემთხვევა მოხდა, როცა ამ ადამიანების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა ჩვენი მხრიდან. სწორედ ამიტომ არსებობს ორმხრივი ხელშეკრულება ქვეყნებს შორის, რომ მოვახდინოთ რეაგირება ასეთ შემთხვევებზე. სამწუხაროდ, ამისგან არავინაა დაცული.

ჩვენ შევატყობინეთ გერმანიის დასაქმების სააგენტოს. გერმანიის დასაქმების სააგენტომ შესაბამისი უწყებები, მათ შორის ადგილობრივი შრომის ინსპექციაც ჩართო, რომელიც შესაბამის ზომებს უკვე იღებს. ასევე, გერმანიის დასაქმების სააგენტო დაუკავშირდა დამსაქმებელს, პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სტანდარტი არ დაკმაყოფილდება, გერმანიის დასაქმების სააგენტო ვალდებულია, ეს ადამიანები სხვა სამუშაო ადგილებზე გადაანაწილოს. ეს არის კონკრეტული დამსაქმებლის მიერ არასათანადო და არაეთიკური ქცევა, რომლისგანაც, სამწუხაროდ, არავინაა დაცული. ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია იმ თვალსაზრისით, რომ პირობების გაუმჯობესებაზე თანხმობა გვაქვს დამსაქმებლისგან მიღებული“, – განაცხადა ბარკალაიამ.