გერმანიაში ლეგალურად დასაქმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს 2020 წლის მარტიდან გაუმარტივდებათ
გერმანიაში ლეგალურად დასაქმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს 2020 წლის მარტიდან გაუმარტივდებათ

გერმანიაში ლეგალურად დასაქმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს 2020 წლის მარტიდან გაუმარტივდებათ. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალი საიმიგრაციო კანონი 2020 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება. ახალი რეგულაციით, უცხოელ სპეციალისტებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება უფრო იოლად შეეძლებათ.

კერძოდ, გერმანიაში დასაქმების საშუალება ექნებათ როგორც უმაღლესი განათლების, ისე პროფესიული განათლების მქონე პირებსაც.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ასევე დაგეგმილია უცხო ქვეყნებში გაცემული დიპლომების აღიარების პროცესის გამარტივება.

გერმანიაში არსებული ვაკანსიების ნახვა სპეციალურ ვებპორტალზე განთავსდება, სადაც ასევე ჩამოთვლილი იქნება უნარ-ჩვევები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება. მათ შორის არის გერმანული ენის ცოდნა.

შრომის ბაზრის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში გერმანიაში 1,36 მილიონი ვაკანსია იყო. ამ ვაკანსიების მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებით შევსება ვერ ხერხდება. „დოიჩე ველეს“ ცნობით, კადრების ყველაზე დიდი დანაკლისია მათემატიკის, ინფორმატიკისა და ტექნიკის სფეროში, ასევე სამშენებლო სექტორში, მედიცინაში. გარდა ამისა, შეიმჩნევა ავადმყოფებისა და მოხუცების მომვლელთა დეფიციტიც. თავისუფალი ვაკანსიებია სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესშიც.

შარშან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან გერმანიაში სამუშაოდ 60 000 ადამიანი ჩავიდა.