გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლებმა, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, 27-საათიანი გაფიცვა დაიწყეს
გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლებმა, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, 27-საათიანი გაფიცვა დაიწყეს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, თანამშრომლების გაფიცვა ხუთშაბათს, 07:00 საათამდე გაგრძელდება.
ფრანკფურტის, მიუნხენის, ჰამბურგის, ბერლინისა და დიუსელდორფის აეროპორტებში დღეისთვის დაგეგმილი 1 000-ზე მეტი რეისი გაუქმებულია.
ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაძლებელი იქნება გერმანიის შიდა ფრენის ავიაბილეთების გადაცვლა სარკინიგზო მიმოსვლის ვაუჩერებში.
პროფკავშირი „ვერდი“ ითხოვს ხელფასის 12,5%-ით გაზრდას თანამშრომლებისთვის ან, სულ მცირე, 500 ევროთი მეტ ხელფასს 12 თვის განმავლობაში. ამასთან, ითხოვს 3 000 ევროს ერთჯერად გადახდას ინფლაციის შედეგების ასანაზღაურებლად. „ვერდის“ განცხადების თანახმად, გაფიცვები გახანგრძლივდება, თუ ავიაკომპანიის აღმასრულებელი საბჭო არ გააუმჯობესებს ამჟამინდელ შეთავაზებას ავიაკომპანიის პერსონალისთვის.