გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლებმა გაფიცვა დაიწყეს
გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლებმა სამდღიანი გაფიცვა დაიწყეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
კომპანიის თანამშრომლები ანაზღაურების მატებას ითხოვენ.
კომპანია „ლუფთჰანზას“ წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ გაფიცვის შესახებ 12 საათით ადრე გამოცხადება გაუგებარი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია.
მათივე თქმით, პროფკავშირის წარმომადგენლებს ხელფასებთან დაკავშირებით გაუმჯობესებული შეთავაზება უკვე გაუკეთეს.
„გასულ ხუთშაბათს „ლუფთჰანზამ“ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა პროფკავშირების წარმომადგენლებისკენ და წარმოუდგინა მათ ახალი, გაუმჯობესებული შეთავაზება“, – განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.
როგორც მედია წერს, „ლუფთჰანზას“ უახლესი შეთავაზება მოიცავდა მიმდინარე წლის დეკემბრიდან მარტამდე ხელფასის გაზრდას და 3 000 ევროს კომპენსაციის უფრო სწრაფ გადახდას, თუმცა პროფკავშირში განაცხადეს, რომ ეს არ არის საკმარისი. მათივე განმარტებით, ისინი ითხოვენ ხელფასების 12,5%-იან ზრდას ან, სულ მცირე, ყოველთვიურად 500 ევროთი მატებას.
ავიაკომპანიასა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებები 13 და 14 მარტს არის დაგეგმილი.